საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. [1-ლი ივლისი 26 აგვისტო]
ანგარიში ასახავს ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე (ივლისი-აგვისტო) საიას გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს/ტენდენციებს, რომლებიც ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე. მათ შორისაა:
- პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და აგიტაციაში ხელის შეშლის შემთხვევები;
- პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება;
- ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონცერტებში მონაწილეობის მიზნით;
- პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა და საჯარო ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა დროსაც კვლავ ნაკლები აქცენტი კეთდებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პროგრამებსა და შესაბამის კონკურენციაზე.
ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას ცდილობდნენ და მათ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ.
ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ისინი "გარედან მართულ [აგენტებად"] და 'ბოროტ ძალად" მოიხსენიებდნენ. ქართული ოცნების მხრიდან კვლავ აქტუალური იყო ანტიდასავლური რიტორიკა, ომისა და მშვიდობის საკითხები, ანტი-ლგბტქ გზავნილები, წინა ხელისუფლების დასჯის რიტორიკა.
გარდა ამისა, გრძელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის მიზნით წარმოებული კამპანია"- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ივანიშვილის განცხადებაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას.
"საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან საჯაროდ ამ ტიპის გზავნილების გავრცელება შემაშფოთებელია. მსგავსი რიტორიკა პრობლემურია, რადგან ის მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ხმის მნიშვნელობის შეგრძნება და არა იმის განცდა, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობა ფუჭია, რადგან მის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს"- ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა ან/და ამომრჩევლის შესაძლო დაშინებას, ანგარიშში ვკითხულობთ:
"გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ვეტერანების საქმეთა სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ქუთაისში ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის თავდაცვის სამინისტროს საქვეუწყებო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ომის ვეტერანების დასახმარებლად სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს ახორციელებს. როგორც საიას სადამკვირვებლო მისიისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრის დაწყებისას კობალაძემ შეკრებილ 50-მდე ვეტერანს განუცხადა, რომ არჩევნები ახლოვდებოდა და „მათ იცოდნენ, რა არჩევანიც უნდა გაკეთებინათ“ (ვისთვის უნდა მიეცათ ხმა).
კობა კობალაძე, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, საჯარო მოსამსახურის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მიხედვით, ვალდებულია, თავისი საქმიანობა პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად წარმართოს.
მან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად. მსგავსი შემთხვევები, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული ცუდი პრაქტიკის ნაწილია." - ნათქვამია ანგარიშში.